კიბოს ტიპები და მათი პრევენციის გზები

 

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა.

კიბო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 მილიონი ადამიანი კვდება ამ დიაგნოზით.

არსებობს კიბოს სხვადასხვა ტიპი:

  • კარცინომა - ეპითელური ქსოვილისგან წარმოშობილი კიბო.
  • სარკომა -  შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოშობილი კიბო.
  • ლიმფომა და მიელომა - ამ ორი ტიპის კიბო თავს იჩენს იმუნური სისტემის უჯრედებში.
  • ტვინისა და ზურგის ტვინის კიბო - ცნობილია, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის კიბო.

 

დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, კიბოს სიკვდიალიანობის მაჩვენებლის შემცირება საშუალოდ -ით არის შესაძლებელი.

 

როგორ მოვახდინოთ კიბოს პრევენცია

კიბოს პრევენცია შესაძლებელია გეგმური სკრინინგ ტესტებით, ვაქცინაციითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამ სტატიაში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ თითოეულ საფეხურს.

 

სკრინინგ ტესტები:

სკრინინგი ნიშნავს დაავადების დიაგნოსტიკას სიმპტომების გამოჩენამდე. რეგულარული სკრინინგისას შესაძლებელია ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, როცა მკურნალობა საუკეთესო შედეგს იძლევა.

რეკომენდებული სკრინინგ ტესტები

ძუძუს კიბო - მამოგრაფია საუკეთესო გზაა მკერდის კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისთვის, როცა მისი მკურნალობა საუკეთესო შედეგს იძლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბო - პაპ-ტესტით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელში ანომალიური, კიბოს წინამორბედი უჯრედების აღმოჩენა. HPV-ს (ადამიანის პაპილომა ვირუსი) ტესტი აღმოაჩენს ვირუსს (რომელმაც, შესაძლოა, უჯრედების გადაგვარება გამოიწვიოს) მაშინ, როცა განკურნების შანსი ძალიან მაღალია.
კოლორექტალური კიბო - ამ ტიპის კიბო უმეტესად ვითარდება სიმსივნისწინა პოლიპების ანომალიური ზრდით მსხვილ ან სწორნაწლავში. სკრინინგ ტესტის მეშვეობით შესაძლებელია ამ პოლიპების აღმოჩენა და მათი ამოკვეთა მანამ, სანამ ისინი კიბოდ გადაიქცევიან. სკრინინგ პროგრამით, ასევე, შესაძლებელია კოლორექტალური კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება, რაც მკურნალობის ეფექტურად წარმართვის საშუალებას გვაძლევს.
ფილტვის კიბო - ფილტვების სკრინინგი დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით რეკომენდებულია მწეველებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს აქტიური მწეველობის ისტორია წარსულში და არის 55-დან 80 წლამდე ასაკის.

საქართველოში არსებული უფასო სკრინინგ პროგრამების შესახებ დეტალების გასაცნობად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3qTSQOQ

 

ვაქცინები

ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინა

კიბოს ზოგიერთი ტიპი გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით (HPV), რაც სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინფექციაა. HPV-ს ვაქცინა იცავს პაპილომა ვირუსის იმ ტიპებისგან, რომლებიც ყველაზე ხშირ შემთხვევებში იწვევს კიბოს.

 

  • HPV ვაქცინა რეკომენდებულია 11-12 წლის მოზარდებისთვის, თუმცა ვაქცინაცია 9 წლის ასაკშიც არის შესაძლებელი.
  • HPV ვაქცინა რეკომენდებულია 26 წლამდე ასაკის პირთათვის, იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია.
  • HPV ვაქცინა არ არის რეკომენდებული 26 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის, თუმცა 27-45 წლის ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინაცია ჩატარებული, შესაძლოა გადაწყვიტონ ვაქცინაცია ექიმთან კონსულტაციისა და რისკებისა და სარგებლის შეფასების შემდგომ.

 

HPV ვაქცინა პაპილომავირუსის ინფექციის პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არ შეუძლია უკვე არსებული ინფექციის ან დაავადების მკურნალობა. სწორედ ამიტომ, ეს ვაქცინა საუკეთესოდ მოქმედებს ორგანიზმში ინფექციის შეღწევამდე.

რეკომენდებული სკრინინგის გაიდლაინების მიხედვით, HPV  ვაქცინა არ არის საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგის ჩამანაცვლებელი.

B ჰეპატიტის ვაქცინა

B ჰეპატიტი ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. მისი სირთულე ვარირებს მსუბუქიდან (რამდენიმე კვირიანი ავადობა) რთულ (ხანგრძლივ/ქრონიკულ) ავადობამდე, რამაც, შესაძლოა, ღვიძლის დაავადება და შემდგომში კიბო გამოიწვიოს. B პატიტის ვაქცინა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის, HBV ინფექციის პრევენციისთვის.

 

ჯანსაღი ცხოვრების წესი

კიბოს პრევენციაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ ჯანსაღი გადაწყვეტილებებით, როგორიცაა:

- თამბაქოს თავიდან არიდება - ფილტვის კიბო სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ტიპია. ამ ტიპის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა (90%-მდე) გამოწვეულია თამბაქოს ხშირი მოხმარებით. ფილტვის კიბოთი სიკვდილის შანსი მწეველებისთვის 25-ჯერ მეტია, არამწეველებთან შედარებით. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სიგარეტის კვამლით ზიანს ვაყენებთ არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. პასიური მწეველების კიბოთი დაავადების რისკი 20-30%-ით იზრდება).
- კანის მოვლა და დაცვა - კანის კიბო ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. გარემო ფაქტორებიდან, ყველაზე დიდ როლს ულტრაიისფერი სხივები და მზის აბაზანა თამაშობს. კანის კიბოს პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებებია - მზისგან დამცავი კრემი, შესაძლებლობის ფარგელებში ჩრდილისთვის თავის შეფარება, ქუდისა და მზის სათვალეების მოხმარება.
- ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა - დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. რამდენიმე კვლევა მას ძუძუსა და კოლორექტალურ კიბოსაც უკავშირებს.
- ჯანსაღი წონის შენარჩუნება - კვლევების მიხედვით ჭარბი წონა ზრდის კიბოს რისკებს. ჭარბი წონა განსაზღვრულია 30+ BMI-ით (სხეულის მასის ინდექსი). იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა, აუცილებელია ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.
- ტესტირება C ჰეპატიტზე - C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ინფექციაა. დროთა განმავლობაში, ქრონიკული C ჰეპატიტი შესაძლოა გადაიზარდოს ღვიძლის სერიოზულ პრობლემებში, როგორიცაა ღვიძლის დაზიანება, ციროზი, ღვიძლის უკმარისობა ან კიბო.

 

„მედალფა“ ყველა ონკოპაციენტს უსურვებს გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს!

 

თემები

facebook