შაქრიანი დიაბეტი

 

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება გამოწვეული  პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონ ინსულინის სრული ან ნაწილობრივი დეფიციტით. ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას და შედეგად აზიანებს ორგანოთა სისტემებს, განსაკუთრებით სისხლძარღვებს და ნერვულ სისტემას.

არსებობს შაქრიანი დიაბეტის  2 ძირითადი ფორმა:

1.      შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემის ზემოქმედების შედეგად პანკრეასის მიერ არ გამომუშავდება ინსულინი ან გამომუშავდება მისი ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც არ არის საკმარისი გლუკოზის მეტაბოლიზმისთვის. შაქრიანი დიაბეტი  ტიპი 1–ით, ძირითადად ავადდებიან ბავშვები, მოზარდები ნორმალური წონით,  შეიძლება თანდაყოლილიც იყოს.

2.      შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-მეტაბოლური დაავადება, რომელიც  გამოწვეულია ინსულინის ნაწილობრივი დეფიციტით და ცხიმოვანი, კუნთოვანი და ღვიძლის უჯრედების არაადექვატური პასუხით ინსულინზე, რის შედეგადაც არ ხდება სისხლის მიმოქცევიდან გლუკოზის ტრანსპტორტირება უჯრედებში და სისხლში იმატებს შაქრის დონე.  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ით ძირითადად  ავადდებიან 40 წლის ზემოთ ადამინები ჭარბი წონით ან სიმსუქნით, დატვირთული ოჯახური ანამნეზით (სისხლით ნათესავს აქვს ან ქონდა შაქრიანი დიაბეტი).

3.      გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი, რომელიც ვლინდება მხოლოდ ორსულობის პერიოდში (ქალს ორსულობამდე არ აღენიშნებოდა სისხლში შაქრის დონის მატება). მშობიარობის მერე გლუკოზის დონე სისხლში უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს, თუმცა გესტაციური დიაბეტი წარმოადგენს სერიოზულ რისკ ფაქტორს წლების შემდეგ შაქრიანი დიაბეტი ტ.2–ის განვითარებისთვის.

სისხლში შაქრის დონე:

1.      ნორმა: უზმოდ <100 მგ/დლ (<5.6 მმოლ/ლ), ჭამიდან 2 სთ–ში <140 მგ/დლ (<7.8 მმოლ/ლ

2.      პრედიაბეტი: უზმოდ –100–125 მგ/დლ (5.6–6.9 მმოლ/ლ), ჭამიდან 2 სთ–ში–140–199 მგ/დლ (7.8–11.0 მმოლ/ლ)

3.      შაქრიანი დიაბეტი: უზმოდ >126 მგ/დლ (>7.0 მმოლ/ლ), ჭამიდან 2 სთ–ში >200 მგ/დლ (>11.0 მმოლ/ლ)

შაქრიანი დიაბეტი ტ.2-ის განვითარების უმთავრესი რისკ-ფაქტორები:

1.      ასაკი 40 წლის ზემოთ

2.      სხეულის მასის ინდექსი (წონის/სიმაღლე2 ) 25-30 კგ/მ2 (ჭარბი წონა), 30 კგ/მ2-ზე მეტი-სიმსუქნე

3.      ოჯახური ანამნეზი დატვირთული შაქრიანი დიაბეტით

4.      ანამნეზში გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა

5.      არტერიული ჰიპერტენზია (>140 მმ.ვწყ. სვ)

6.      დისლიპიდემია-სისხლში საერთო ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების, ტრიგლიცერიდების დონის მატება.

7.      ანამნეზში გესტაციური დიაბეტი ან ნაყოფი 4 კგ-ზე დიდი წონით

8.      საკვერცხეების პოლიკისტოზი

            შაქრიანი დიაბეტის გართულებები:

მწვავე გართულებები:

1.      დიაბეტური კეტოაციდოზური კომა

2.      ჰიპეროსმოლარული ჰიპერგლიკემიური კომა

3.      ჰიპოგლიკემიური კომა

ქრონიკული გართულებები:

1.    რეტინოპათია (თვალის ფსკერის სისხლძარღვოვანი დაზიანება), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება და სიბრმავე. 

2.    ნეფროპათია (თირკმლების დაზიანება), რამაც შეიძლება თირკმლების უკმარისობა გამოიწვიოს.

3.    ნეიროპათია (ნერვული სისტემის დაზიანება). სისხლში შაქრის მაღალი დონე, აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას, იწვევს ტკივილს, მგრძნობელობის დაქვეითებას, დაბუჟებას. 

4.    დიაბეტური ტერფი– კომპლექსური მდგომარეობა, როდესაც ტერფზე დიაბეტური ნეიროპათიის, მიკრო და მაკრო ანგიოპათიის  შედეგად  იზრდება ტერფის რბილი ქსოვილების ტრავმატიზაციის და ინფიცირების რისკი, რაც მიშვებულ და გართულებულ შემთხვევაში განგრენამდე და შემდგომ ამპუტაციამდე  შეიძლება მივიდეს.

აღნიშნული გართულებების თავიდან აცილება  შესაძლებელია  მუდმივი კონტროლით და სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებით.

ავტორი: ენდოკრინოლოგი - ნაია ლატარია

 

თემები

facebook