კიდევ ერთი ლამაზი საღამო ჩაიწერა ჰოსპიტალური ქსელის "მედალფას" ისტორიაში. შავი ზღვის ულამაზეს სანაპირო ზოლში მდებარე სარესტორნო კომპლექს "ერა"-ში "მედალფას" სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი შეიკრიბა, რათა თვალი გადაევლო გამოწვევებითა და სიახლეებით სავსე 2019 წლისთვის. ტრადიციისამებრ, საღამოს მასპინძელი ავერსი-ჯგუფის დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე იყო, რომელმაც შეაფასა განვლილი წელი, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და თავდადებისთვის კოლექტივს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ოპტიმიზმითა და პოზიტივით იყო გაჯერებული ქსელის გენერალური დირექტორის ბატონი გიორგი ამბროლიანის გამოსვლა. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე ქალბატონი სოფო ბაბუციძე. ყველაზე ამაღელვებელი გასული წლის გამორჩეული თანამშრომლების დასახელება აღმოჩნდა - თითოეული ნომინაცია და შესაბამისი ჯილდო ყველასათვის სიურპრიზი იყო და განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდნენ შეკრებილები. თითოეული ნომინანტისთვის გამორჩეული პატივი იყო ჯილდოების მიღება გენერალური დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და დამფუძნებლისგან. ტრადიციულად, ყოველ კლინიკასა და ადმინისტრაციაში გამოვლინდნენ წარმატებული თანამშრომლები, რომლებიც დიპლომებით, ფულადი ჯილდოებით და განსაკუთრებული პრიზით - საზღვარგარეთ მოგზაურობით დასაჩუქრდნენ. გამორჩეული პრიზი დაიმსახურა ქალბატონმა ლენა ტუღუშმა - "მედალფას" ოზურგეთის კლინიკის ბებიაქალმა, რომელსაც 40 000-ზე მეტი ჩვილის დაბადება აქვს მიღებული. სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და თითოეული დამსწრის ემოციურ ჩართულობაზე განსაკუთრებულად იზრუნა წამყვანმა რამაზ ცინცაძემ, რომელმაც სხვადასხვა სახალისო ვიქტორინითა და კონკურსით განუმეორებელი ხიბლი შესძინა საღამოს. გულწრფელი აპლოდისმენტები დაიმსახურეს უნიჭიერესი თანამშრომლების მიერ შესრულებულმა სასიმღერო თუ საცეკვაო ნომრებმა, მათ მიერ მოყოლილმა კურიოზებმა თუ წაკითხულმა პოეტურმა ნაწარმოებებმა. საერთო მხიარულების კულმინაცია უგემრიელესი სადღესასწაულო ტორტის შუშხუნების ფონზე გაჭრა იყო, რომლის საპასუხისმგებლო ცერემონიაშიც დამფუძნებელთან ერთად "მედალფას" ქსელის სამეანო-გინეკოლოგიურ სამსახურში დაბადებულმა პირველმა ბავშვმა - უკვე 8 წლის ილია დოლიძემ მიიღო მონაწილეობა. საღამოს ოფიციალური ნაწილის დასასრული გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნა, რომელმაც ულამაზესი ფერებით გაანათა ღამის სიბნელე. თუმცა ამით არ დამთავრებულა საღამო და თითქმის დილამდე გრძელდებოდა თანამშრომელთა მხიარულება.

თემები

facebook